14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასში პედაგოგ ლელა ჟორჟოლიანის თაოსნობით ულამაზესი ღონისძიება ჩატარდა. პედაგოგი მოსწავლეებს 1978 წლის 14 პრილის შესახებ ესაუბრა, 38 წლის წინ მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
მოსწავლეებმა აღნიშნეს: მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურება. მაგალითად, ინგლისური – ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ესპანური – ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს და სხვა. არის ენები, რომლებიც მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც: ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა ერთობისა, ძლიერებისა და უკვდავებისა. მას ჩვენი მოვლა და პატრონობა სჭირდება.
ქართული ენის სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის პიროვნული ვალია. ჩვენი ლამაზი ენა უზრუნველყოფს მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ერთობას, იგი არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).
მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, ნაწყვეტები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან...
მოსწავლეები ეწვივნენ ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის N13 საქალაქო ბიბლიოთეკას, რომელიც მდებარეობს ვაკის უბნის მუნიციპალიტეტში, თაბუკაშვილის ქუჩის N197 -ში. ფილიალი დაარსებულია 1950 წელს და მას ამჟამად ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის გამგე ქალბატონი ბელა უჩაძე.
ქალბატონმა ბელამ მოსწავლეებს მოკლედ გააცნო ბიბლიოთეკის ისტორია, დაათვალიერებინა და გააცნო ბიბლიოთეკის ფონდში არსებული წიგნადი ფონდი... ბიბლიოთეკას ურთიერთთამამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული ქალაქის სხვადასხვა კულტურულ - საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მაგრამ მისი მთავარი პარტნიორი ქუთაისის N36 - ე საჯარო სკოლაა, რომელთანაც წარმატებით თანამშრომლობს 2010 წლიდან, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან. ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.
ბიბლიოთეკის წარმოამადგენელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ჩვენთვის საყვარელი დედაენის დღის აღნიშვნისათვის და ლამაზი დღის ჩუქებისათვის.